ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ადა მარშანიას ბრალდებას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე არ ისაუბრა.
„ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა სწორედ იმიტომ, რომ განთლებული საქართველო და ისეთი ტიპის ეკონომიკა, რომელიც მე აღვნიშნე, არის ერთადერთი სწორი გზა და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის. ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემს კავშირს და ემოციურ დამოკიდებულებას, ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ მე, რომ ეს არის ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა ბახტაძემ.