პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანებების მიერ, საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენაში მონაწილეობა გრიგოლ ვაშაძის თხოვნით მიიღო. ამის შესახებ მან “ტვ პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას განაცხადა.
თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძის სატელეფონო საუბრისას ის ძალიან შეცბა და გადაწყვეტილება მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მიიღო. ის თვლის, რომ ვაშაძე არის გამორჩული დიპლომატი და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი განათლება აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.
ჩარკვიანი ასევე ეხმიანება იმ ადამიანებს, ვინც მას ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს არ არის პარტიული არჩევნები.
“როდესაც დამიკავშირდა ბატონი გრიგოლი, არც ვიცოდი რაზე იქნებოდა საუბარი, როცა ვისაუბრეთ ცოტა შევცბი პირდაპირ გეტყვით. დამჭირდა გარკვეული დრო გაანალიზებისთვის. შემდეგ ვისაუბრე, ჩავიხედე იქ რა ხდება, რაშია საქმე, ვინ არიან, რატომ კეთდება ეს გაერთიანება. გრიგოლ ვაშაძე საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდა იმ დიდი განათლებით და პროფესიონალიზმით.
ფაქტია ერთს გეტყვით, ეს ვიღაცას მოეწონება თუ არა, ნაციონალურ მოძრაობას დიდი უბედურებები ჰქონდა, სისასტიკეები, რაც ახალგაზრდულ ასაკს ახლავს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ კადრებს პროფესიონალიზმს ვერ დავუწუნებდით. მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია მომავალ საქართველოში იმ რანგის დიპლომატის დაკარგვა, როგორც გრიგოლ ვაშაძეა.
ძალიან პრაგმატულად მივიღე ეს გადაწყვეტილებაც, მე ემოციურ ფონზე არ ვიღებ ასეთ გადაწყვეტილებებს და რამდენიმე დღეში მივეცი თანხმობა, ეს ხომ არ არის პარტიის არჩევნები, ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში “რეაქცია”