„ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი პატივისცემა, უფრო მეტი სიყვარულია საჭირო, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ შეაფასებდა მერი საკრებულოს წარმომადგენლის, მამუკა ბალიაშვილის კომენტარს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორის მიმართ . კახა კალაძის თქმით, მან არ იცის, რა დაწერა ბალიაშვილმა, თუმცა ყველანაირი შეურაცხყოფის წინააღმდეგია.
„არ ვიცი რაზე საუბრობთ, თუმცა ზოგადად, სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ მიდგომებს და დამოკიდებულებებს. ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება უფრო მეტი პატივისცემა, უფრო მეტი სიყვარულია საჭირო, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს. შეიძლება რაღაც განსხვავებული მოსაზრება გქონდეს კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს პირადი შეურაცხყოფები მივაყენოთ. მე მგონია, რომ მაგალითის მიმცემები უნდა ვიყოთ ჩვენ, პოლიტიკოსები და სამწუხაროდ, პოლიტიკაში დღეს რა ხდება და პოლიტიკოსების ვერბალი როგორია კარგად ვუყურებთ ყველა. რაც მე მგონია, რომ ცუდია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახალი, მომავალი, თანამედროვე პოლიტიკოსები, ახალგაზრდები შევცვლით ამ ყველაფერს”, – განაცხადა კალაძემ.