ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “შაბათის კურიერში” გასულ რეპორტაჟს სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება.
”მინდა გამოვეხმაურო გუშინ შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული პროექტი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა წარმოების მხარდასაჭერად და განსავითარებლად. რაც თავის თავში გულისხმობს ახალი სამუშოა ადგილების შექმნას, კონკურენტულ ღია ბაზარზე, იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებას და საექსპორტო პროდუქცის წარმოებას, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
კორუფციული რისკების აღმოსაფხვრელად აღნიშნული პროგრამა იმ გვარად არის შედგენილი, რომ ჩინოვნიკის ჩარევა პრაქტიკულად არ ხდება.
იგივე პრინციპით მუშაობს “შეღავათიანი აგრო კრედიტი”. პროცესი შემდეგია:
მთავრობის დადგენილებაში გაწერილია პროდუქციის ჩამონათალი, რომლის წარმოების შემთხვევაში სახელმწიფო ახდენს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, მთავრობის დადგენილება ნორმატიული დოკუმენტია და მისგან გამომდინარე სარგებელის მიღება შეუძლია ყველა მეწარმეს რომელიც, მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
მეწარმე მიდის ბანკში, ბანკი იხილავს პროექტს, პროექტისთვის სესხის დამტკიცების შემთხვევაში, ბანკიდან სააგენტოში იგზავნება მოთხოვნა, საწარმოებელი პროდუქციის მთავრობის დადგენილებაში არსებულ სიასთან დამთხვევის შემთხვევაში ავტომატურად ფორმდება ხელშეკრულება. 2014 წლიდან 2018 წლის ივინისის ბოლოს მდგომარეობით მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში:
• მხარდაჭერილია 372 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს),
• 904 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია
• 472 მლნ ლარზე მეტი გაცემული სესხი
• 14,700- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი
გუშინ მე ვუყურე და შემდეგ წავიკითხე კომპანია “კოლორპაკის” დირექტირის გიორგი ჟორჟოლიანის მიმართვა(ს), ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში 1200000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი აქვს გადახდილი. დასაქმებული ყავს 40 ადამიანზე მეტი, რომლებსაც ყოველთვიურად უხდის ხელფასს, დანერგა ახალი ტექნოლოგიები და ჩაანაცვლა იმპორტი. სწორედ ეს არის პროექტის მიზანი. ვიფიქრობ ამით ყველაფერი ნათქვამია.
”კურიერის” ეთერიდან ჩემს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გაცვეთილი და აბსურდულია, აბსურდულ ბრალდებაზე კი კომენტარის გაკეთება არ ღირს, გადაცემის ტენდენციურობა იქიდანაც კარგად გამოჩნდა, რომ “კოლორპაკის” დირექტორმა გადაცემაში მისი კომენტარის დამატება მოითხოვა, მაგრამ ”კურიერმა” ეს არ გააკეთა, თუმცა პროგრმა “აწარმოე საქართველო”-ს რეპუტაცია არ უნდა შეილახოს. ამ პროექტის ფარგლებში, სტატისტიკურად, საშუალოდ, სამ დღეში ერთხელ ერთი საწარმოს მხარდაჭერა ხდება. ეს ქვეყნისთვის დიდი სიკეთეა.
ჩემი მუშაობის მანძილზე არაერთი საწარმო გავხსენი პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” და ძალიან ხშირად კომპანიის დამფუძნებლებისგან მომისმენია, რომ ისინი არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ინვესტიციებზე, წარმოების დაწყებაზე თუ გაფართოვებაზე “აწარმოე საქართველოში”, რომ არ ყოფილიყო”, – აღნიშნავს დიმიტრი ქუმსიშვილი.