მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა. გადაცემა შეკვეთილში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლშია ჩაწერილი და პირველი არხის ეთერში სრულად, დღეს 21:45 საათზე გავა.
არხის მიერ გავრცელებულ გადაცემის ანონსში ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ლაპარაკობს. „ძალიან დიდი იყო ხიფათი გუნდის დაშლის. და პროცესი იყო დაწყებული… ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში ქართული ოცნების შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა… ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებს და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა მას კვირიკაშვილი თავის ქმედებებით… მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა ის გადაწყვეტილებების შეთანხმებას... მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.