ფონდი ”ქართუ”, უმაღლესი სტანდარტის, 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზს – Black Sea Arena, სახელმწიფოს გადასცემს.
შესაბამის შეთანხმებას, ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩხეტიანი და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელს ხვალ, მოაწერენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ ”ქართუს” წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, მუსიკალური პროდიუსერები, რეჟისორები, ტურისტული კომპანიებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
”საკონცერტო დარბაზი, 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა იმუშავა. მშენებლობაზე დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში, დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება.
BLACK SEA ARENA აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტის მქონე უსაფრთხოების სისტემით, თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამისად, მზად არის, უმასპინძლოს უმაღლესი დონის ნებისმიერ ვარსკვლავსა და შოუ-პროგრამას. არენის სივრცე ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების გამართვისთვის შესაძლებლობას იძლევა”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.