მიხეილ სააკაშვილის განცხადება დიპლომატიური კორპუსის დისკრედიტაციის მცდელობაა, მათ შორის იმ ელჩების, რომელთა ქვეყნებს თავს აფარებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს.
„პრაქტიკულად, სააკაშვილმა ელჩები შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა, რაც უპასუხისმგებლობა და უსამართლო შეფასებაა. ამ წარუმატებელი განცხადების პოლიტიკური მიზანი ის იყო, რომ როგორმე ახსნა მოუძებნონ პარტიის იმ პოზიციას, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გვაქვს. ამ არჩევნებზე აბსოლუტურად დემოკრატიული მიდგომები არსებობს და მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, მმართველი პარტია პოლიტიკაში მხარს უფრო მეტ ბალანსს უჭერდეს. ამიტომ, ისეთი ვერსიების ძებნა დაიწყეს, რომელიც მათ ღირებულებებთან, მათი წარსულის გამოცდილებასთან შესაძლოა, ლოგიკურად იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ელჩებმა ურჩიეს, თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და ის პრაქტიკულად დააშანტაჟეს.