ესტონეთის ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შექმნა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ამის შესახებ პრიტ ტურკმა „კიბერ კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუსში განაცხადა.
მისი შეფასებით, კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს ბიურო ესტონეთის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია.
„როგორც იცით, რამდენიმე წელია საქართველოში ვიმყოფები, საკუთარი თვალით ვნახე ის პროგრესი, რომელიც ბიურომ განახორციელა. შემიძლია გითხრათ, რომ თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შექმნა ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იყო, არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, არამედ ზოგადად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. ამ სფეროში ბიურო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია – ძალიან კარგი პარტნიორი”, – განაცხადა ელჩმა.
შეკითხვაზე, თუ რა რჩება საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, ტურკი აცხადებს, რომ საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით არსებული ცვლილებებისთვის მხარის აბმაა.
„კიბერუსაფრთხოება ის სფეროა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ვფიქრობ, რომ მთავარი გამოწვევა, ნებისმიერი ქვეყნისთვის, სწორედ ის არის, რომ ამ ცვლილებებისთვის მხარის აბმა შევძლოთ. მხარის აბმა ასევე ნიშნავს, ცნობიერების ამაღლებას, როგორც სახელმწიფო სისტემაში, ასევე საზოგადოებაშიც. ვფიქრობ, ამ საკითხში ბიურომ ძალიან კარგი საქმე გააკეთა. ასევე მნიშვნელოვანია ოფიციალური პირებისთვის ტრენინგების ჩატარება და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინფორმაციისა და გამოცდილების გააზიარება. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან ბევრ საკითხში, მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება“,-განაცხადა ტურკმა.
აღსანიშნავია, რომ „კიბერ კვირასთან“ საუბრისას, ელჩი ესტონეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ოფიციციალურ ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრები, რომლებიც მან თავდაცვის სამინისტროს წარმოამდგენლებთან გამართა, ნაყოფიერი იყო.
„ესტონეთის მინისტრები ხშირად სტუმრობენ საქართველოს და, როგორც წესი, ეს შეხვედრები ძალიან ნაყოფიერია. შეიძლება ითქვას, რომ კიბერსფეროს ჩვენი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი მოხარულია იმ თანამშრომლობით, რაც დღეს არსებობს. საქართველოში ყოფნისას კი, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ესტონეთის ელჩმა.
ესტონეთის ელჩთან ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://cyber.kvira.ge