“ჩვენი პარტნიორობა მიმართულია რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ. მნიშვნელოვანია, რომ წვრთნებში მონაწილეობას იღებენ როგორც ნატოს წევრი, ისე არაწევრი სახელმწიფოები, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნები”, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მომავლისათვის სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენი საერთო პარტნიორობა ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო და მეგობრულ საგარეო პოლიტიკას. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამყარება საქართველოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო-პოლიტიკური პრიორიტეტია. ნიშანდობლივია, რომ წლევანდელი, რიგით მეოთხე „ღირსეული პარტნიორი“ რუსეთის აგრესიის მეათე წლისთავს ემთხვევა. საქართველოს ხელისუფლება და ხალხი, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობა დაბეჯითებით მოითხოვს ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შეჩერებას და რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან.
ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურებაცაა. დღეს შექმნილ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ქართული ჯარის სამეთაურო შემადგენლობას „ღირსეული პარტნიორი“ საშუალებას გაძლევთ, ჩაატაროთ წვრთნები და დაგეგმოთ მაღალი სირთულის ოპერაციები. ჩვენი საერთაშორისო ძალისხმევის სადემონსტრაციოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენი სამხედროები სამშობლოს ემსახურებიან შორეულ ქვეყნებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდიგვერდ ბრძოლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავლისათვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისათვის.
და ბოლოს, ამ დღეებში განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჩვენს გმირებს. მათი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას. საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს და წვრთნების წარმატებით ჩატარებას გისურვებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
“ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო ბოლო ათ წელიწადში კიდევ უფრო დემოკრატიული, ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო გახდა”
2018/08/01 13:58:57
კომენტარები
ნანახია: 697 ჯერ