Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გაიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს.
„ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად ფონდი „ქართუ“ ქართველ ხალხს და ჩვენს სტუმრებს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს. ესაა მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე. ამ დარბაზში გაიმართება ისეთი წარმოდგენები, რომლებიც თითოულ სტუმარს დამუხტავს განსაკუთრებული ემოციით, განსაკუთრებით უცხოელ მაყურებელს დაუტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს საქართველოზე და იქცევა ჩვენი ზღვისპირეთის ერთ-ერთ უმთავრეს სავიზიტო ბარათად. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული ამ მართლაც განსაკუთრებული საჩუქრისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ფონდმა „ქართუმ“ შეკვეთილში მდებარე უმაღლესი სტანდარტის 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს გადასცა. შესაბამის შეთანხმებას ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს ხელი.