„აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს სხვა სახელმწიფოს მიერ ინსპირირებული, პროვოკაციული დაძაბულობა ომში გადაიზარდა. 403-დღიან დაპირისპირებას ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, სამასი ათასამდე ადამიანი დევნილად იქცა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა შოთა შალელაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ამდენი წლის განმავლობაში საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, თუმცა ქართველების და აფხაზების ძმობამ, ურთიერთობამ და პატივისცემამ ბევრ გამოწვევას და დაბრკოლებას გაუძლო და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ისევ აღდგება, ამ ძირძველ მიწაზე აუცილებლად დაბრუნდებიან იძულებით გადაადგილებული პირები და აფხაზები და ქართველები ისევ ერთად გააგრძელებენ თანაცხოვრებას.
აფხაზეთი დღეს თავად აფხაზების გარეშეცაა დარჩენილი, ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს რეალურ ვადებში, რისთვისაც აუცილებელია აფხაზებისთვის გონივრული წინადადებების შეთავაზება. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, ყველა მხარესთან უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, რათა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შევძლოთ ჩვენ თანამემამულეებთან აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მყარი ნიადაგის შექმნა, მუდმივ რეჟიმში უნდა ვესაუბროთ და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.
ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის. ნდობა აუცილებლად დაბრუნდება, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ეს ის ისტორიული კანონზომიერებაა, რომლის შეცვლასაც უსასრულოდ ვერავითარი მესამე მხარე თუ მესამე ძალა ვერ შეძლებს”, – აცხადევს შალელაშვილი.