აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-რუსეთის ურთიერთობების შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც კანონმდებლების წინაშე მოხსენებით ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვეს მიჩელი და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებში ხაზინის მდივნის მოადგილე, მარშალ ბილინგსლი წარსდგნენ.
რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში ვეს მიჩელი შეეხო საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან ასპექტზე როგორიც არის ლეტალური თავდაცვითი იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ევროპის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნების მხარდაჭერაზე, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან რუსეთის გეოპოლიტიკურ ზეწოლას. ჩვენ გავაუქმეთ წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც უკრაინასა და საქართველოს მიერ რუსეთის ტერიტორიული აგრესიის შეკავებისთვის საჭირო თავდაცვითი იარაღის შეძენას ეხებოდა”,- აღნიშნა ვეს მიჩელმა.
მისივე თქმით, რუსეთს მიმართ დაწესებული სანქციები აიძულებს რუსეთის ხელისუფლებას და პირადად პუტინს, გადახედოს საკუთარ სტრატეგიას და ქმედებებს საერთაშორისო არენაზე.
საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ასევე გააკეთეს სენატორებმა: კორკერმა, მენენდესმა და გარნერმა.