ოკუპაციის ძახილი არ არის გამოსავალი და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საინტერესო იყო ანგელა მერკელის ფორმულირება, რომ რუსეთის ჯარებს უკანონოდ აქვთ დაკავებული საქართველოს ტერიტორია.
„ეს არის ფორმულირება, რომელიც მე ვთქვი 10 წლის წინ, რომლის გამოც ლამის ჯვარს მაცვეს და ასე ვთქვათ, ლამის მოღალატედ გამომაცხადეს. პოლიტიკოსები ამ ტერმინით საუბრობენ და ამას რუსეთ-იაპონიის მოლაპარაკებაც აჩვენებს. რაც შეეხება ნატო-ს თემას, ასევე ქალბატონ მერკელს არაფერი ახალი არ უთქვამს. მან თქვა სიმართლე, რასაც ჩვენ სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსებისგან დიდი ხანია გვეუბნებიან, უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ატყუებს მოსახლეობას, ეს არის მატყუარა ხელისუფლება ისევე როგორც წინა ხელისუფლება იყო მატყუარა ხელისუფლება. ეს არის ხალხის შეცდომაში შეყვანა აბსოლუტურად შეგნებულად. ილუზიების შექმნა, თითქოს ხვალ და ზეგ ნატო-სა და ევროკავშირის კარი გაიღება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ანგელა მერკელის ვიზიტისას ნათლად ითქვა, რომ სანამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა არ მოგვარდება, საქართველოსთვის ნატო-ს კარი არ გაიღება.
„მგონი, ძალიან ნათლად ითქვა, რასაც წლებია ვამბობ, სანამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე საქართველოსთვის ნატო-ს კარი რაც არ უნდა იძახოს და ვინც არ უნდა იძახოს, არ იქნება. ეს არის მოსახლეობაში შეცდომაში შეყვანა და კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ ჩვენ თუ გვინდა ქვეყნის საერთო პრობლემების მოგვარება, პირველ რიგში, სწორედ რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, უნდა ველაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებს და უნდა ვეცადოთ, ეს პრობლემები მოვაგვაროთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე ფიქრობს, რომ მერკელისა და პუტინის მოლაპარაკებებში საქართველოს დიდი ადგილი არ ექნებოდა.
„ძალიან უცნაური იქნებოდა, მერკელს თავისი და პუტინის შეხვედრის დეტალები მოყოლა საქართველოში. მე არ მგონია, საქართველოს დიდი ადგილი ჰქონოდა მერკელისა და პუტინის მოლაპარაკებაში. სამწუხაროდ საქართველო სახელმწიფო აღარ არის და ჩვენ დავკარგეთ ის, რის გამოც შეიძლება ასეთი დონის შეხვედრაზე აქტიური საუბარი.