თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. კალაძის თქმით, ამ ტელეკომპანიის ეთერში გასული 3 ინფორმაცია, მათ შორის იმის შესახებ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარი „საათის დასაყენებლად“ უნდა დაიხარჯოს, ტყუილია.
“შეიძლება თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს, მაგრამ თქვენ ტელევიზია ხართ და უნდა გადაამოწმოთ ინფორმაცია. პირველი, თითქოს ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან არის ძალიან დიდი ტყუილი და კარგი იქნება ტელევიზიამ ბოდიში მოიხადოს ამის გავრცელებისთვის. თუ მე რაიმეში ვცდები, მე მზად ვარ ბოდიში მოვუხადო.
ბოდიშის მოხდა სირცხვილი არ არის. ეს ერთი და მეორე, თითქოს თანხები, რომელიც გამოყოფილია პროექტზე, მოვაკელით ძველი, ავარიული შენობების რეაბილიტაციას – ეს მეორე ტყუილი და მესამე ტყუილი იყო, თითქოს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავაკელით თანხები. ასე, რომ სამი ტყუილი გააჟღერეთ, რაზეც, ალბათ, კარგი იქნება, თუ მოსახლეობას მიაწვდით სწორ ინფორმაციას და ეტყვით, რომ ეს იყო თქვენი შეცდომა და შეცდომაში შეიყვანეს. კარგი იქნება, თუ ბოდიშს მოიხდით. ძალიან გამიხარდება”, – განაცხადა კალაძემ.