საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი, №8 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე, სამგორის რაიონის გამგებელ, კახაბერ გულედანთან ერთად, ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. დეპუტატი მოქალაქეებს რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრა და ყურადღება ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებასა და სპორტულ-რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე გაამახვილა. ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, ადგილობრივები, ძირითადად, სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობას ითხოვენ.
„დღეს შევხვდით ვარკეთილის მოსახლეობას, შევისწავლეთ არსებული ვითარება და გავეცანით მათ მოსაზრებებს. ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მწვანე სივრცეების შექმნაა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, უნდა შევქმნათ მეტი სარეკრეაციო-სპორტული ზონა და თანამედროვე ტიპის დასასვენებელი სივრცეები, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელი შეძლებს მოსვლას და განტვირთვას. ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობამ იცხოვროს ეკოლოგიურად სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში,“ – აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.
დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა
2018/08/24 17:55:59
კომენტარები
ნანახია: 894 ჯერ