კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას მიმართვას ეხმაურება.
ხაინდრავას შეფასებით, შამბას მიმართვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უმძიმესი კრიზისული ვითარებაა.
როგორც ხაინდრავამ განაცხადა, ამ ფონზე ქართულ საზოგადოებას მართებს ყურადღების გამოჩენა, შექმნილი მდგომარეობის ლოგიკურად გააზრება და პოპულისტურ განცხადებებზე უარის თქმა.
„მე ვფიქრობ, რომ შამბას მიმართვა, გზავნილები, ნათლად ასახავს იმ კატასტროფულ ვითარებას, რაც ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთშია შექმნილი. ვითარება ძალიან რთული, მძიმე და უპერსპექტივოა. რუსეთს მცირე ერების დაცვის ინტერესი არც არასოდეს ჰქონია. რუსეთი არის ჩვეულებრივი იმპერიალისტური ქვეყანა, რომელიც ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ კერძო ინტერესები განახორციელოს მეზობელი და არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების მიმართ. ამ შემთხვევაში, აფხაზური სეპარატიზმი იქნა გამოყენებული როგორც საბაბი და ვხედავთ ამის სავალალო შედეგებს. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ შექმნილი კრიზისის შესახებ უკვე ხმამაღლა, დაუფარავად საუბარი დაიწყეს იმ ადამიანებმა, რომლებიც აფხაზური სეპარატიზმის სათავეში იყვნენ. ასეთი ვითარებამდე მისვლა მოსალოდნელიც იყო. ყველაზე მთავარი და მტკივნეული ამ გამოსვლაში არის ის, რომ შამბა, რომელიც აფხაზეთის მომავალზე მის დამოუკიდებლობაზე საუბრობს, საკუთარ თანამოაზრეებს რუსულ ენაზე მიმართავს, აფხაზური საზოგადოება ზის იქ და საუბრობენ რუსულ ენაზე. მით უმეტეს ისეთი ტიპის შეხვედრაზე, როგორიც იქ იყო. ეს იყო ე.წ. საერთაშორისო შეხვედრა, იქ არც რუსეთის წარმომადგენლები არ ისხდნენ. მე ვფიქრობ, ეს გარემოება ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც არსებობს აფხაზეთში და ეს პრობლემა საქართველოს გარეშე განუკურნებელია. ჩვენთან ხანგრძლივი თანაცხოვრების პირობებში აფხაზები სხვა ენაზე არ მიმართავდნენ ერთმანეთს და ყოველთვის ჰქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთში აფხაზურად ესაუბრათ. მე მინდა, როგორც აფხაზურმა ისე ქართულმა საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ერთადერთი გზა წარმატების, განვითარების ეს არის ქართულ-აფხაზური ერთობა. პირველ რიგში, აფხაზებმა უნდა გაიაზრონ, რომ გზა აფხაზური ეთნოსის მომავლისა, რომელიც ძალიან ძვირფასია, არის გზა, რომელითაც საქართველო მიდის. მე ვფიქრობ, რომ ეს ელემენტები ამ გამოსვლაშიც გაჟღერდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შექმნილ ვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი მეჩვენება ქართული საზოგადოების რეაქცია. ახლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოპულიზმი, სპეკულირება ვაი პოლიტიკოსების მხრიდან. გონივრულად უნდა მივუდგეთ თქმულს, გავიაზროთ და აქედან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები. ამ ყველაფრის გააზრებით დაკავებულები უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც საკითხი სიღრმისეულად იციან და არა პოლიტიკური ინფანტილიზმით შეპყრობილი ადამიანები“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.