საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ელჩის შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
შეხვედრაზე, ილჰამ ალიევი მიესალმა ახალ ელჩს, მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ, მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. იგი, ასევე, შეეხო ორი მეზობელი ქვეყნის საერთო პრობლემას – ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. ამ კონტექსტში, მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ურთიერთმხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
მხარეებმა ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი. პრეზიდენტმა იმედი გამოხატა, რომ წარმატებით ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი, რაც გაზრდის ტვირთბრუნვასა და ტურისტულ ნაკადებს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა, ამ თვალსაზრისით, სამაგალითოდ იქნა მიჩნეული მჭიდრო თანამშრომლობა ნახიჭევანისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
თავის მხრივ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, აზერბაიჯანში დიპლომატიური მისიით მოღვაწეობის პერიოდში, იგი არ დაიშურებს ძალისხმევას ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების, აგრეთვე ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის.