საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური საქართველოს მთავრობის სახელით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილი სენატორის ოჯახს უსამძიმრებს.
„ქართველი ხალხის და პირადად ჩემი სახელით, მთელი გულით ვიზიარებ ბატონი მაკკეინის ოჯახის მწუხარებას. სენატორი ჯონ მაკკეინი იყო პატივისა და ღირსების მქონე ადამიანი, რომელიც ყველაზე მძიმე დროს იდგა საქართველოს გვერდით. სენატორი მაკკეინი მუდამ ემახსოვრება საქართველოს, როგორც ჩვენი უძვირფასესი მეგობარი”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
ჯონ მაკკეინს 2 სექტემბერს დაკრძალავენ. მაკკეინის დაკრძალვა ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში გაიმართება, სადაც აშშ-ს საზღვაო აკადემია მდებარეობს, რომელიც სენატორმა დაამთავრა.
მამუკა ბახტაძე – ჯონ მაკკეინი იყო პატივისა და ღირსების მქონე ადამიანი, რომელიც ყველაზე მძიმე დროს იდგა საქართველოს გვერდით
2018/08/29 17:17:24
ნანახია: 850 ჯერ