მშენებლობის სექტორში გარკვეული შემცირებაა, ამის გამოსასწორებლად კი მთავრობას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“იცით, რომ ამ ნაწილში გარკვეული შემცირება გვაქვს და შესაბამისად, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ მშენებლობის სექტორში მოზიდული იქნას დამატებით ინვესტიციები. სასიხარულოა, რომ გაზრდილია ინვესტიციები ზოგადად, რეალურ სექტორში, ვინაიდან, სწორედ ეს არის ის სექტორი, რომელშიც ჩვენ გვაქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, ეკონომიკური, სტრუქტურული გაჯანსაღებისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა 2018 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების გაზრდილ მოცულობაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, 2018 წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიაღწია თითქმის 390 მლნ აშშ დოლარს და წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით მეტია.
“ეს ციფრები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ. თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ ეკონომიკურ ტურბულენტობას რეგიონში, კიდევ უფრო დასაფასებელია ის, რომ ინვესტორებს აქვთ ასეთი მზარდი რწმენა იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.