„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატ ნატო ჩხეიძეს არ შეხვედრია და მის მიერ ფრაქცია „პატრიოტების“ შესაძლო დატოვებაზე ინფორმაცია არ აქვს.
„არ მიმაჩნია, რომ ტრაგედია ხდება. ცხოვრებაში ხშირად ბევრად უფრო დიდ განსაცდელს შეხვდება. ვფიქრობ, ზედმეტი ემოციები არ არის საჭირო. პირველ რიგში გეტვით, რომ პატივს ვცემ ნატო ჩხეიძეს. ჩვენ მხოლოდ დადებითი, კარგი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროდ, მასთან არ მქონია შეხვედრა,რომ გვესაუბრა ამ თემებზე.
არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ის არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ თითქოს, პარტიის მხრიდან მას სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონდა, მაგრამ მკაფიოდ ვამბობ, შენი გუნდის წევრს რომ მხარდაჭერა გამოუცხადო, ზუსტად უნდა იცოდე რა პროცესთან გაქვს საქმე. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცოდით დეტალები „ომეგას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
არ მინდა შევიდე სიღრმეებში და გავაკეთო წინასწარი დასკვნები, რადგან მიდის გამოძიება და გამოძიება ძალიან ბევრ პროცესს ახდის ფარდას. ჩვენ არასდროს გავურბივართ სიმართლეს. ჩვენი ფრაქცია პარლამენტის ტრიბუნიდან საუბრობდა ქართული ბიზნესის პრობლემების შესახებ, არათანაბარი პირობების შესახებ.
ნატო ჩხეიძეს ვურჩევ, თუ სურვილი აქვს, პარტია დატოვოს, მაგრამ დარჩეს ფრაქციაში. იმასაც გეტყვით, რომ ძალიან ნაადრევია სერგი კაპანაძის, ბოკერიების და „ნაცმოძრაობის“ სიხარული, რომ დაიშლება „პატრიოტთა ალიანსი“ და ირმა ინაშვილი დაკარგავს ვიცე-სპიკერის პოსტს. არ ვიყავი ვიცე-სპიკერი, მაგრამ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე სააკაშვილისა და ბოკერიას რეჟიმის დემონტაჟში. ვეცდებით, ვნახოთ დეპუტატი, რომლიც გაერთიანდება ჩვენს ფრაქციაში. თუ ვერ ვნახავთ ასეთ დეპუტატს, გავაგრძელებთ იმ რეჟიმში საქმიანობას, რის საშუალებასაც კანონი მოგვცემს.
ჩვენ შევთავაზეთ ქალბატონ ნატო ჩხეიძეს მოგვემზადებინა განცხადება პარტიის სახელით, სადაც შეფასდებოდა ეს ვითარება, მოვამზადე კიდეც ეს განცხადება. მინდოდა, მასთან ერთად გამევლო დეტალები, რადგან არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, არ მინდოდა, ისეთი განცხადება გაგვეკეთებინა, რაც მის ბიზნესინტერესებს დააზიანებდა, ვინაიდან არ ვიცი რა ხდება „ომეგას“ საქმეში რეალურად, არ ვიცი მომავალში რა ჩანაწერები გავრცელდება, რა გამოიკვეთება. შევთავაზეთ ერთად შეგვედგინა ამ განცხადების ტექსტი. სამწუხაროდ, ნატო ჩხეიძე აღარ პასუხობდა ჩვენ სატელეფონო ზარებს. გუშინაც ვუკავშირდებოდი მას, მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნე, მაგრამ არ მიპასუხა. სამაგიეროდ, მიპასუხა სატელევიზო ეთერიდან და სწორედ იქიდან გავიგე, რომ ტოვებს ჩვენი პარტიის რიგებს“, – განაცხადა ინაშვილმა.