საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ, სადაც მოინახულეს საოკუპაციო ხაზი.
დელეგაციას გააცნეს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება, თუ რა მძიმე პრობლემები შეექმნა მოსახლეობას რუსეთის ოკუპაციისა და მავთულხლართების გაბმის შედეგად.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს აქვთ საშუალება პირადად გაეცნონ ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ვითარებას. ის, რაც ხდება საქართველოში, დაუშვებელია. ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება, ვერ იღებენ სათანადო განათლებასა და ჯანდაცვის მომსახურებას, მუდმივად ხდება ადამიანების გატაცება საოკუპაციო ხაზთან და მათ მიმართ ძალადობა. ეს უნდა დასრულდეს და სწორედ ამისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორები და მთლიანად მსოფლიო ხედავდეს თუ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს. სწორედ ევროპის საპარლამენტო ასამბლეა არის ერთ-ერთი ის სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მთელს ევროპას. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ასამბლეის ფარგლებში და ვგდამთ ქმედით ნაბიჯებს ყველა მიმართულებით, რომ ხელი შევუწყოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას. ჩვენი კოლეგების მხრიდან არის დიდი ინტერესი, რომ რეგიონში გაგრძელდეს სტაბილურობა და განვითარება. ამ პროცესში მათი ჩართულობა და როლი ძალიან მაღალია, რისთვისაც მსურს მათ მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.