ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ემოციურობისთვის ბოდიში მოუხადა.
ზოიძემ განცხადება იურიდიულ კომიტეტზე გააკეთა და ლევან გოგიჩაიშვილს მიმართა, რომ მასთან საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს.
„მე მინდა ბოდიში მოვუხადო ლევან გოგიჩაიშვილს, თუ რაიმე ჟესტით გამოვხატე თავიდან მოცილების მცდელობა. ეს ასე არ იყო, ბოდიშს ვიხდი ბატონო ლევან. ძალიან ემოციური საკითხია. პირადად მე ძალიან დიდი შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს ამ საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ როგორც სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი და ხვალვე უნდა გაკოტრდეს, ისევე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ბიზნესია სათამაშო ბიზნესი, რომელიც ადამიანის ვნებებზე მოქმედებს. ამ ბიზნესისგან სარგებლის მიღება არსებობს, მაგრამ ზიანი მეტი მოსდის ქვეყანას. ჩემი აზრით, თამბაქოს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებსაც არ უნდა ეხებოდეს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან კონსულტაციებს, დავსხდეთ, გავიაროთ ეს თემა და თუ რაიმე დამაკმაყოფილებელ პრინციპს შეიძლება მივაღწიოთ, მზად ვართ ვიმსჯელოთ ამაზე“, – განაცხადა ზოიძემ.