გაყალბება „ნაცმოძრაობის“ სტილია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმოწერა და პირადი მონაცემები აღმოჩნდა.
„ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სტილს არ ცვლის და ალბათ ვერც ცვლის, ეს მათი სტილია. ისინი აყალბებდნენ არჩევნებს 2012 წლამდე და 2012 წლის ჩათვლით, წლების განმავლობაში. ახლა ისინი უკვე გადასული არიან საარჩევნო სიების გაყალბებაზე. მათ თავისი და თავისივე სატელიტების სახელით წარადგინეს გაყალბებული სიები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გაყალბება „ნაცმოძრაობის“ სტილი და ხელწერაა და მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობას“ უჭირს 30 ათასამდე ხელმოწერის შეგროვება გაყალბების გარეშე. ეს ყველაფერი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე და ჩვენ ვართ ამაზე პასუხისმგებელი. შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ. ის ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას, კანონიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.