“ნაციონალური მოძრაობის” და მის გაერთიანებაში შემავალი პარტიების მიერ წინასაარჩევნოდ მომზადებული რამდენიმე ვიდეორგოლი ტელევიზიების ეთერში ვეღარ გავა. საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ერთობის – „ძალა ერთობაშია“ – ფიქტიური კანდიდატების სახელით მომზადებულ წინასაარჩევნო ვიდოერგოლებს, რომლებშიც მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფაა.
სწორედ ამისთვის, ანუ მეტი უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დასჭირდა ოპოზიციურ გაერთიანებას ფიქტიური კანდიდატების წარდგენა – ამ სარეკლამო დროს კი ისინი ძირითადად მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიზანმიმართული დისკრედიტაციისთვის იყენებენ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილში, რომელიც ტელევიზიებს დაეგზავნათ, წერია, რომ ეს ვიდეორგოლები მაუწყებლის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება. სხვა დარღვევებთან ერთად, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ გამოყენებულია შეურაცხმყოფელი განცხადებები და უხამსი ფრაზები.