რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ “საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის” და „ომეგა ჯგუფის” დადგმულ სპექტაკლთან”.
“ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი და ახლაც გავაკეთებ, მათ შორის უფრო მკვეთრსაც. რეალურად, საქმე გვაქვს “ნაციონალური მოძრაობის” და “ომეგა ჯგუფის”, არ მინდა, ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ დადგმულ სპექტაკლთან, ინსცენირებაა, ამ შემთხვევაში რაღაც პროცესების, რომელსაც რამდენად ჰქონდა რეალობაში ადგილი, არავინ არ იცის.
ეს არის საუბრები კერძო პირებს შორის, ყოფილ მინისტრს, ყოფილ პროკურორს, მაგრამ “ყოფილ”. ყველა ეს ადამიანი არის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელსაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავითარი ეს საუბრები, არც მათი ვერსიით არ გააჩნდათ იმ პერიოდში, როდესაც ისინი იკავებდნენ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობას. შესაბამისად, ჩვენ ვისმენთ რაღაც კერძო საუბრებს. გუშინ ვნახე ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნაც, მათ შორის იმის თაობაზე, რომ არცერთი ეს ჩანაწერი არ არის ავთენტური. ინფორმაცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით გავრცელდა, არის, რომ ეს არის მონტაჟი, სხვადასხვა ჩანაწერი. ერთი ჩანაწერიც კი არ არის, სხვადასხვა საუბრის მონტაჟია. ადამიანები რაღაც ვერსიებზე ლაპარაკობენ და შესაბამისად, გაუგებარია.
ვისმენ მთავრობის კრიზისთან დაკავშირებით სხვადასხვა კომენტარს. კრიზისი მთავრობას კი არა „ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, რადგან საარჩევნო პროცესშია და როგორც ჩანს, ვერც კანდიდატი კრეფს საკმარის ხმებს. შესაბამისად, საჭიროა ისევ იმ ხელწერით აპოკალიფსის განცდის შექმნა, რათა მოხდეს ამ შემთხვევაში ამ საარჩევნო პროცესში ჩართულობა. მეორე მხრივ, “ომეგას” როგორ ჩანს აქვს კრიზისი, რადგან ვერ ახერხებს უკვე მეთორმეტედ გადავადებული საგადასახადო დავალიანების გასტუმრებას და შესაბამისად, ეს არის ის სპექტაკლი ინსცენირებული ამ სტრუქტურების მხრიდან, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ.
დასკვნა ამბობს, რომ იმ საუბარში, რა სახითაც ის იყო წარმოდგენილი, იყო 7 ჩარევა და არის რამდენიმე საუბრის კოლაჟი. შესაბამისად, ხმები იყო ავთენტური თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა იმ სახით, რა სახითაც ჩანაწერი წარმოდგენილი იყო, ეს ჩანაწერი არ დადასტურდა, შესაბამისად, ეს ჩანაწერი ამ სახით ავთენტური არ არის”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.