„ერთ-ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა სუს-ის თანამშრომლები მათი კანდიდატის საწინააღმდეგო პლაკატებს აკრავდნენ“, – ამ სიტყვებით ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენლების მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს.
ამასთან, ნინო გიორგობიანი მოძრაობის ლიდერებს მოუწოდებს, რომ უმჯობესია პრესკონფერენციამდე ამა თუ იმ პირზე ინფორმაცია გადაამოწმონ.
„დღეს ერთ-ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ საზოგადოებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა სუს-ის თანამშრომლები მათი კანდიდატის საწინააღმდეგო პლაკატებს აკრავდნენ. მათ მიერ დასახელებული პირი არ არის და არ ყოფილა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და სამსახურის არც ერთი თანამშრომელი მსგავს უკანონო ქმედებაში მონაწილეობას არ იღებს. სანამ საზოგადოებას სპეციალური ბრიფინგით გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას მიაწოდებთ, მარტივია შესაბამის უწყებაში გადამოწმება“, – აცხადებს ნინო გიორგობიანი.
ცნობისათვის, გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარკამპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კურირებს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა კონკრეტული გვარებიც დაასახელა. მისი ინფორმაციით, გიორგი მანჯგალაძე სუს-ის თანამშრომელია.
თუმცა, გაირკვა რომ გიორგი მანჯგალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი არასდროს ყოფილა.
ნინო გიორგობიანი: ერთ-ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა
2018/10/02 20:29:02
კომენტარები
ნანახია: 2731 ჯერ