მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ექიმების მიერ მის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებაზე კომენტარს აკეთებს და ოპოზიციაში გაჩენილ კითხვებზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეურაცხყოფად აფასებს.
„აუდიტმა დაიწყო გამოძიება იმიტომ, რომ იყო კითხვები შემოსული გარედან ამის შესახებ და აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია. ეს ეჭვები არის ძალიან შეურაცხმყოფელი ექიმებისთვის, თითქოს რაღაც კატეგორიაა გამოყოფილი, ვითომც ექიმების, ან არ არიან დამოუკიდებლები, ან არ აქვთ უფლება, რომ მხარი დამიჭირონ. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან ბუნებრივი, რადგან ექიმები არიან ერთ-ერთი ძალიან დამოუკიდებელი კატეგორია, რომელიც არავისზე არ არის დამოკიდებულები თავიანთი თავის გარდა.
უნდა კითხოთ იმ ექიმებს, რომლებმაც გადმორიცხეს. ჩემთვის არის ძალიან ლოგიკური. ზოგადად, ლაპარაკი ექიმებზე და ასე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. მე მგონი, რომ ყველა, ვინც მხარს მიჭერს ამ ფორმით, არის ჩემთვის ძალიან ღირებული. თუ ვინმე იმისთვის შემოვიდა, რომ მერე თქვას და მერე დაწეროს, რომ არ მიჭერს მხარს და შექმნას პრობლემა, ესეც არ გამიკვირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.