დარეჯან ლიპარტელიანი
მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, “ლიბერთი ბანკის“ყოფილმა მეპატრონემ ირინა ჯინჭარაძემ, საკუთარი ქონების უკანონოდ წართმევისა და დამნაშავეთა დასჯის შესახებ პროკურატურას განცხადებით მიმართა. არჩილ კბილაშვილის გენპროკურორობისას, “ლიბერთი ბანკის” ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ლადო გურგენიძისა და ამ უკანონობის ჩადენის ერთ–ერთი მთავარი მოქმედი პირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის რეპუტაციას, მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, კბილებით იცავდა და ლობირებდა. ამის შესახებ, პირველადი ნფორმაცია „ექსკლუზივ ნიუსმა“ გამოაქვეყნა.
“ლიბერთი ბანკის“ მეპატრონე ირინა ჯინჭარაძემ კი სასამართლოს დახმარებით იმას მიაღწია, რომ ჯერ “ლიბერთი ბანკის“ 51%, ხოლო შემდეგ 10% დააყადაღა. სწორედ ამის გამო, ლადო გურგენიძემ ვერ შეძლო გასაყიდად გამზადებული„ლიბერთი ბანკის“ წილის გაყიდვა, რადგან ირინა ჯინჭარაძემ ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდა, არ შეესყიდათ ის უკანონო ქონება, რომლის შესახებაც სამართლებრივი წარმოება მიმდინარეობს, „ლიბერთი ბანკის“ წილები ახლანდელმა მეპატრონემ უკანონოდ მიითვისაო“, – აცხადებდა ჯინჭარაძე. გურგენიძემ ბანკის გაყიდვა დღემდე ვერ შეძლო, ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ლადო გურგენიძე უკრაინაშია და უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან დიდ თანამდებობას ელოდება.
გურგენიძემ უკრაინაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პროკურატურისგან შეიტყო, რომ “ლიბერთი ბანკი“ წილების მითვისების ბრალდებით, მისი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მიმართ, სისხლისსამართლის საქმე აღიძრა. უფრო კონკრეტულად კი, გენერალურ პროკურატურას,„ლიბერთი ბანკის“ მფლობელმა ირინა ჯინჭარაძემ საჩივრით მიმართა, საკუთარი წილების უკანონოდ მითვისების შესახებ. გენერალურმა პროკურატურამ საჩივარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დაიკითხა ათეულობით მოწმე. მათ შორის რამდენიმე ევროპელი ინვესტორიც. ორი წლის შემდეგ ძლივს მოხერხდა, რომ “ლიბერთი ბანკის“ ნამდვილი მეპატრონე ირინაჯინჭარაძე, რომელსაც წილები მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა, ზეწოლითა და შანტაჟით წაართვა, დაზარალებულად ცნო.
გენერალურმა პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება ირინა ჯინჭარაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. ამავე დადგენილებაში გარკვევით, შავით თეთრზე წერია, რომ „ლიბერთი ბანკის“ კანონიერ მფლობელებს – ირინა ჯინჭარაძესა და გოგი ბურჭულაძეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უშუალო ხელმძღვანელობით, სააკაშვილის რეჟიმმა ვანო მერაბიშვილის დახმარებით, წაართვა და აიძულა, ხელი მოეწერათ წილის დათმობაზე.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსკლუზივ ნიუსს“ მიაწოდეს.
ირინა ჯინჭარაძის საჩივრის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, ასევე ლადო გურგენიძის, გიორგი გოგუაძისა და სხვათა მიმართ.
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ გვყავდა და დღესაც გვყავს, ეროვნული ბანკის ისეთი პრეზიდენტი, რომელიც უამრავ დანაშაულშია ეჭვმიტანილი.
გთავაზობთ გიორგი ქადაგიძისა და “ლიბერთი ბანკის“ წილების წართმევასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელიც „ექსკლუზივ ნიუსმა“ 23 თებერვალს გამოაქვეყნა.
ვინ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და რატომ არ ათავისუფლებს მას ამჟამინდელი ხელისუფლება?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კარიერა „სახალხო ბანკში“ („ლიბერთი ბანკი“)გიორგი გოგუაძესთან ერთად დაიწყო. „სახალხო ბანკის“ იმჟამინდელმა მმართველმა გიორგი გოგუაძემ, გიორგი ქადაგიძე სახალხო ბანკის სათავო ოფისის საკრედიტო განყოფილების თანამშრომლად დანიშნა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი, როდესაც ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის მერი იყო, ქადაგიძე თბილისის მერიის საფინანსო განყოფილებაში დაინიშნა.
ქადაგიძე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ახლო მეგობარია. როგორც კი გიგი უგულავა თბილისის მერად დაინიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნა. მაშინ ქადაგიძის დანიშვნამ საზოგადოება გააოცა, ეს „ლაწირაკი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობას როგორ შეძლებსო.. ჩუმად აპროტესტებდნენ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს აზრის გამოთქმას საჯაროდ ვინ გაბედავდა?!
გიორგი ქადაგიძეს, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კანონით ევალებოდა ნებისმიერი ბანკის უფლებების დაცვა, თუ საჭირო გახდებოდა, ხელისუფლების ზეწოლისგანაც უნდა დაეცვა ისინი, მაგრამ მოხდა პირიქით, გიორგი ქადაგიძე ხელისუფლებასთან ერთად აშანტაჟებდა კერძო ბანკების მეპატრონეებს. უფრო კონკრეტულად კი მოგიყვანთ მაგალითს: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ „სახალხო ბანკის“ მეწილეებს ირინა
ჯინჭარაძესა და გოგი ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება აიძულებდა ბანკის წილი დაეთმოთ… ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. ამის შესახებ გოგი ბურჭულაძემ რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა შემდეგი: „ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მაიძულებდა წილი სასწრაფოდ გადამეფორმებინა და დამემუქრა, თუ ამ საღამოსვე არ გადააფორმებ წილს, იცოდე ერთ ლარსაც ვერ მიიღებო“. ხსენებული სიუჟეტი ტელეკომპანია„რუსთავი 2“-მა და სხვა არხებმაც გააშუქეს, მაგრამ უშედეგოდ. „ლიბერთი ბანკის” ყოფილი მეწილეების, ირინა ჯინჭარაძისა და გოგი ბურჭულაძის საჩივარს პროკურატურაში დღემდე რეაგირება არ მოყოლია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სასამართლომ „ლიბერთი ბანკის“ 51%-იანი წილი დააყადაღა და„სახალხო ბანკის“ ყოფილი მმართველი გიორგი გოგუაძე, რომელსაც ირინა ჯინჭარაძე 7 მილიონი ლარის ფინანსურ მაქინაციაში სდებს ბრალს და პროკურატურაში უჩივის, სასამართლომ ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით „დასაჯა“.
გიორგი ქადაგიძის სახელს ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი „სტანდარტბანკის“ გაკოტრებაც უკავშირდება. მან, ხელისუფლების დაკვეთით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ „სტანდარტ ბანკში“ დროებით მმართველად თავისი ყოფილი უფროსი და მეგობარი, „სახალხო ბანკის“ გენერალური დირექტორი გიგი ღლონტი შეუშვა. ბანკი გაკოტრდა და ქადაგიძემ, ღლონტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებმა ქონება ხელში კაპიკებად ჩაიგდეს.
“ექსკლუზივ ნიუსის” ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ, “ლიბერთი ბანკის” კანონიერი მეპატრონე, 17 თებერვალს დაზარალებულად სცნო დაპირველი, ამის შემდეგ რასაც გააკეთებს, დაიკითხება ეროვნული ბანკისპრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, “ლიბერთი ბანკის” ამჟამინდელი მფლობელი ლადო გურგენიძე და ყოფილი მმართველი – გიორგი გოგუაძე, რომელსაც ირინაჯინჭარაძე 7 მილიონი აშშ დოლარის თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს. დიდი ალბათობაა, იმისა, რომ კვირის დასაწყისიდან ამ საქმეშიეჭვმიტანილები გიორგი ქადაგიძე, გიორგი გოგუაძე და ლადო გურგენიძე დაიკითხოს და ბრალი წაუყენონ.