პატიმრობაში მყოფი ადამიანებისგან ისეთი ისტორიები მომისმენია, რომელიც არანაირად არ შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ გავრცელებული ფარული აუდიო-ჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რატომ ხდება ასეთი ფაქტების გასაჯაროება. მე ხშირად ვხვდებოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ტექნიკურად შეუძლებელი იყო ჩამეწერა ჩემი საუბარი პატიმართან. ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქვს, თუ როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გამოსვლა. პატიმრობაში მყოფი ადამიანებისგან ისეთი ისტორიები მომისმენია, რომელიც არანაირად არ შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს. ხალხი იმ მდგომარეობაშია, რომ გარკვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის. მე მქონია ძალიან ბევრ პატიმართან შეხვედრა. ზოგი აბსოლუტურად ადეკვატურია, მაგრამ ზოგი მოვლენების არასწორი აღქმით არის დაკავებული, ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო. მე უნდა გავარკვიო სიმართლე, რა არის რეალობა. უნდა დავაზუსტოთ რამდენად რეალურია ის, რაზეც სუბელიანი საუბრობს“, – განაცხადა ფოფხაძემ.