მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი მამა, რომელიც თავისი შვილის დაცვას არ შეეცდება, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მირზა სუბელიანზე საუბრისას განაცხადა. ხაინდრავას თქმით, მას მირზა სუბელიანი მხოლოდ ერთი-ორჯერ ჰყავს ნანახი.
„მე არ ვუსმენ ფარულ ჩანაწერებს, რადგან ესაა კოშმარი, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას” უნდა ეს ქვეყანა ამყოფოს. აბსოლუტურად არ მაინტერესებს ასეთი საკითხები, არც „რუსთავი 2″-ს ვუყურებ. მე არ ვიცი რატომ იყო ნახსენები ჩემი გვარი ამ შემთხვევაში. მე მირზა სუბელიანს ვიცნობ, ერთი ორჯერ ვართ შეხვედრილი. ანაკლიაში ფილმს ვიღებდი და იქ იყო მაშინ. ამით შემოიფარგლება ჩვენი ნაცნობობა“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” მხრიდან სუბელიანების ოჯახის დევნა მიმდინარეობდა, რაზეც მან თქვა, რომ სამარცხვინოა და შეიძლება ამიტომ გამოხატა მადლიერება მირზა სუბელიანმა ჩემს მიმართ.
„ითხოვდნენ მის დაპატიმრებას, ასევე მისი მეუღლისა და შვილის დაპატიმრებას. ნამდვილი დევნა იყო. 30-იან წლებში, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წინაპრები – ბოლშევიკები ახორციელებდნენ, ზუსტად ისეთი დევნა დაიწყო. მაშინ ვთქვი, რომ ესაა სირცხვილი. მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი მამა, რომელიც თავისი შვილის დაცვას არ შეეცდება”, – განაცხადა ხაინდრავამ. მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენები კარგად დაგეგმილი “მოსკოვური” სპექტაკლია.
„ეს ყველაფერი ინსპირირებულია კარგად გაწერილი მოსკოვური სპექტაკლით იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აირიოს, ეს ქვეყანა დაანგრიონ და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, რადგან „კაგებეს” მაიორ ვაშაძეს არანაირი შანსი არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. მითუმეტეს ბაქრაძეს”, – განაცხადა ხაინდრავამ.