ეჭვებს და მინიშნებებს გამოძიება, ასევე მტკიცებულებები სჭირდება და არა „რუსთავი 2“, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობაში კორუფციის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვას.
„რაც შეეხება განცდებს კორუფციასთან დაკავშირებით, ეს განცდები ლაგდება ძირითადად „რუსთავი 2“–დან. მე არ ვამბობ, რომ იდეალური მთავრობა გვყავს. იდეალური ხელისუფლება მსოფლიოში არსად არ არის. ვის დავუჯეროთ, „რუსთავი 2“–ს, თუ სტატისტიკას?!“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილ პრემიერს ჟურნალისტმა უშუალოდ მთავრობის ყოფილი წევრების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის შესახებაც ჰკითხა, რაზეც ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ეჭვებია მათ მიმართ და „არავითარი არგუმენტები არ გვაქვს“.
„ქუმსიშვილი–ალავიძე პროკურატურაში იყვნენ დაბარებული. როგორც ვიცით, კითხვები აქვთ მათ მიმართ, ჯერ საბუთები არ გამოქვეყნებულა. არავითარი არგუმენტები არ გვაქვს, მხოლოდ ეჭვებია მათ მიმართ. ეჭვებს და მინიშნებებს გამოძიება და მტკიცებულებები სჭირდება და არა „რუსთავი 2“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.