პარადოქსია, როცა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან მედია საშუალება ობუექტურობასა და განსხვავებულ აზრს მუქარად აღიქვამს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუს შეფასებისას განუცხადა.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ აპირებს მეტ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, მათ შორის პიარის მიმართულებით გუნდის გაძლიერებას, რათა საზოგადოებამ მოდელირებულ რეალობაში არ იცხოვროს.
„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუ იყო ამომწურავი. მან საზოგადოებაში არსებულ თითქმის ყველა კითხვას გასცა პასუხი. მთავარი პოზიტივი, რაც პირადად მე დავინახე არის ის, რომ მთავარ გამოწვევაზე არსებობს ადეკვატური მიდგომა, რომ სწორად უნდა დავალაგოთ მენეჯმენტი, სახელმწიფო ვერტიკალი, რათა ეკონომიკურ გამოწვევებზე, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იყოს სწორება. ბიძინა ივანიშვილი იყო ადეკვატური, ამომწურავი და როგორც ხშირად ხდება, გულწრფელი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.