ვამაყობ, რომ 2004 წელს საგარეო საქმეთა მინისტრობისას მე დავაარსე დიპლომატიის დღე საქართველოში, – ამის შესახებ მედიასთან საუბრისას პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისის საკრებულოში დიპლომატიის დღისადმი გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
„ვამაყობ, რომ 2004 წელს საგარეო საქმეთა მინისტრობისას მე დავაარსე დიპლომატიის დღე საქართველოში. ეს იყო პირველი ნიშანი საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პროფესიონალიზმის აღიარებისა.
დიპლომატიის დღე არის უფრო დიპლომატების დღე, მათი ღვაწლისა ამ ქვეყნის სამსახურში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ აღიაროს, თუ რამდენად საჭიროა ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა იქ, სადაც იმყოფებიან. ვულოცავ ყველა დიპლომატს, რომლებიც დღეს არიან მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქებში. ჩემთვის, როგორც მომავალი პრეზიდენტისთვის, მათთან თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
მინდა, ისიც გავიხსენო, რომ ამ წელს ვზეიმობთ დამოუკიდებლობის ას წელს, რაც ნიშნავს ამავდროულად დიპლომატიის ას წელს. ჩვენი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი იყო – დღეს უნდა გავიხსენოთ ეს დიდი დიპლომატები, ძალიან დიდი სამსახურში გაწიეს და შეძლეს ის ყველაფერი, რაც დიპლომატიას შეეძლო. დიპლომატიას ამაზე მეტი არ შეეძლო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.