„ეს საზოგადოება ისე უნდა შევცვალოთ, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. მივუახლოვოთ მაინც იმ იდეალს, როგორიც ჩვენი მომავალი წარმოგვიდგენია – ევროპული, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის მოსახლეობას ჰპირდება, რომ მათთან ერთად ააშენებს ნამდვილ, ქართულ თანამედროვე საზოგადოებას და არა რომელიმე ქვეყნის „კოპიოს“ .
„ის საზოგადოება რომელიც იქმნება, ჩვენს შვილებს მისცემს სოლიდარობას, თავისუფლებას სამართლიანობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამისთვის მოვდივარ მე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა, მე ვიქნები თქვენი არჩეული და ვიქნები თქვენ წინაშე პასუხისმგებელი, მაგრამ თქვენც იქნებით ჩემ წინაშე პასუხისმგებელნი, პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ერთად უნდა უნდა გავაკეთოთ ის, რაც არის გასაკეთებელი.
ახალ პრეზიდენტს მთავარი მოვალეობა აკისრია საზოგადოების მიმართ, სწორედ ეს საზოგადოება ისე უნდა შევცვალოთ, როგორიც ჩვენ გვინდა იყოს. მივუახლოვოთ მაინც იმ იდეალს, რომელშიც ჩვენი მომავალი წარმოგვიდგენია – ევროპული, დემოკრატიული სამართლიანი საქართველო. სწორედ ეს არის ყველა ის სფერო, რომელიც ეკისრება ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს.
ძალიან ბევრი საქმე აქვს პრეზიდენტს, თუ სერიოზულად მიიღებს ფუნქციას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე დღეს ნაკლებად მაინტერესებს. მე მინდა, რომ ეს საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რაღაცა „კოპიო“ რომელიმე სხვა ქვეყნის, არამედ თანამდეროვე და ქართული. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მათ შორის პედაგოგებზე, განათლებაზე. ძველი საქართველო, რომლიდანაც მე მოვდივარ და რომელზეც ვიღაცებს პრეტენზია აქვთ, რომ ის ენა და კულტურა აღარ მოგვწონსო, დაფუძნებული იყო პედაგოგებზე, მასწავლებლებსა და მათ მიმართ პატივისცემაზე. ეს არ არის მხოლოდ ხელფასის საკითხი. არის ხელფასის საკითხიც, თუმცა მთავარია ასევე საზოგადოების დამოკიდებულებაც. მე იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ ამ პრობლემების მოგვარებაში. პრობლემები არის, მაგრამ პრობლემა რომ არ იყოს, საინტერესოც არ იქნებოდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა განათლების და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ჯანსაღი საზოგადოება გაიზარდოს, აუცილებელია პედაგოგების სათანადოდ დაფასება. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ მასწავლებლის ხელფასს არ გულისხმობდა, მისი თქმით, აუცილებელია პედაგოგის სტატუსის გაფრთხილება და დაფასება.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, რომ მასთან ერთად, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყონ ნარკოტიკის წინააღმდეგ. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, იგი ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდება, რათა ისინი დაარწმუნოს, თუ რა ნეგატიური გავლენა შეუძლია მოახდინოს ნარკოტიკმა ადამიანის ცნობიერებასა და ჯანმრთელობაზე.
სალომე ზურაბიშვილი – ძალიან ბევრი საქმე აქვს პრეზიდენტს
2018/11/17 16:35:32
კომენტარები
ნანახია: 719 ჯერ