ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 64-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს.
„საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა გატარებული რეფორმები. ანგარიშის ავტორმა და მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ხოლო საქართველოს მისწრაფება – გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში არის მამოძრავებელი ძალა რეფორმების გატარებისთვის“, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემსოფიო ქაცარავამ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, სოფიო ქაცარავას თქმით, ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონში, სადაც კორუფციის დონე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე უფრო დაბალიც კი არის. მისივე თქმით, ანგარიშში, ასევე, აისახა ქვეყანაში დემოკრატიის და პრესის თავისუფლების ინდექსების გაუმჯობესებაც.
„მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის ნაწილი ეთმობოდა საქართველოში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელიც მრავალფეროვანია და მათი უდიდესი ნაწილი ევროპული ღირებულებების მატარებელია, რაც დემოკრატიის მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ნათელია, რომ საქართველო ალიანსის წევრების მხრიდან განიხილება, როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით და რეგიონში ყველაზე სანდო და მტკიცე პარტნიორად. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს სტიმული რომ გავაკეთოთ უფრო მეტი. ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ალიანსის წევრი ქვეყნების მხარდაჭერით. „შავი ზღვის რეგიონში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის გაძლიერება“ – ანგარიში, რომელიც ჰალიფაქსში, კანადაში იქნა მიღებული, გერმანიის დელეგაციის წევრმა, ულა შმიდტმა მოამზადა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.