საქართველოს მთავარმა აპროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გასაღების ან გამოყენების მიზნით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, „მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“.
ძალოვანი უწყების ცნობით, საგამოძიებო უწყებაში უახლოეს პერიოდში საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა მათ ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. მათი განცხადებით, ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.