დღეს „რუსთავი 2“-მა ბიზნესმენ გელა კვინიკაძეს და პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტზე სიუჟეტი მოამზადა, კვინიკაძე ხარაგაულის პოლიციის უფროსს ძალადობაში ადანაშაულებს. ინციდენტი ხარაგაულის რაიონში მოხდა.
თვითმხილველების ერთი ნაწილი პირად საუბრებში აცხადებს, რომ დაპირისპირება მაშინ დაიწყო როცა ნასვამი გელა კვინიკაძე პოლიციამ გააჩერა.
ადგილობრივები ასევე, ამბობენ იმასაც, რომ ადგილობრივი ბიზნესმენი ნასვამ მდგომარეობაში აგრესიულობით გამოირჩევა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა სასამართლო, მოსამართლემ გელა კვინიკაძე და მისი თანხმლები პირი 1000 ლარით დააჯარიმა. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გააკეთა შსს-მ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ქვებში მცხოვრები გელა კვინიკაძე, თანხმლებ პირთან ერთად, საკუთარი ავტომანქანით, მოძრაობის წესებს დარღვევით გადაადგილდებოდა. პოლიციამ ისინი გადამოწმების მიზნით შეაჩერა და ალკოტესტით გადამოწმების შედეგად ორივე მათგანს ალკოჰოლით თრობის ფაქტი დაუდგინდა. შემოწმების შემდეგ ისინი პოლიციის თანამშრომლების მიმართ გახდნენ აგრესიულები და დოკუმენტების წარდგენაზე უარი განაცხადეს, ამასთან პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რა დროსაც სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. ავტომანქანის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდა და 6 თვით აეკრძალა ავტოტრანსპორტის მართვის უფლება. პროკურატურამ ხარაგაულში მომხდარი შემთხვევის დროს პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო – ნათქვამია განცხადებაში.