თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდზე. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ გამოაცხადა.
საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნა – სააკაშვილს სასჯელი დამძიმებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმე შეეხება პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც ორგანიზებას უწევდა მიხეილ სააკაშვილი და ამის მოტივი გახლდათ პირადი შურისძიება. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც როგორც მოგახსენეთ, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. ჩვენ მიგაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი მიხეილ სააკაშვილისთვის არის მსუბუქი, ვინაიდან დანაშაული ჩადენილი არის დამამძიმებელ გარემოებებში. აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ჩართული იყო სამართალდამცავი ორგანოების მთელი სისტემა, ფარული თვალთვალი, სპეცრაზმის თანამშრომლები და სწორედ ამის გამო, ჩვენ ვასაჩივრებდით და ვითხოვდით სასჯელის დამძიმებას. აღნიშნული განაჩენი გვქონდა გასაჩივრებული სასჯელის დამძიმების კუთხით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და ძალაში დატოვა 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.