სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძე ამბობს, ისინი აანონსებენ რევოლუციას.
„მე მაქვს მოსმენების საფუძველზე ასეთი ინფორმაცია, „რუსთავი 2“-ს ვუსმენ ხოლმე და პირდაპირ საუბრობენ სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. „იმედზეც“ ისმის იგივე, ისინიც აჩვენებენ შკლიაროვს,სააკაშვილს, ვაშაძეს და გვარამიას, ისინი პირდაპირ საუბრობენ რევოლუციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ ამ თემაზე საუბარს განსაკუთრებით ბოლო დროს მოუხშირეს, რადგან გაუჩნდათ განცდა, რომ მათთვის ვითარება რთულია.
„ჩვენ ვიცით, რა „ღირებულებებზე“ არის აგებული ზოგადად ეს პოლიტიკური ძალა, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ შეუძლია აგრესიის და ძალადობის გარეშე, მათ ექნებათ მცდელობა, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს მცდელობა იყოს წარუმატებელი და ეს ასეც იქნება“ , – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც, ამაზე მუშაობს შკლიაროვი. მისივე თქმით, რუსეთი ასეთი წარმატებული საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისშიც კი არ ყოფილა.
„სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. მთელი უბედურება რაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში დატრიალდა, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მოხდა“ , – განაცხადა კობახიძემ და დაძინა: „საბოლოოდ გაფორმდა ამ ორი რეგიონის სრული ოკუპაცია. ომის თემა, რომელზეც თითქოს სხვადასხვა აზრი არსებობს ქართულ საზოგადოებაში, ვის აწყობს ამის შენება – აწყობს რა თქმა უნდა, რუსეთს. პირდაპირ ჩანს რუსული კვალი. რუსი შკლიაროვი გეგმავს ამ ყველაფერს“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, არაერთხელ ძალიან ცუდი ფორმით სცადეს ეთნიკური თემების წამოწევა.
„ისინი ურტყამენ ისეთ თემებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს საქართველოში, ეს არის რუსული სცენარი. რუსულ ინტერესებს ატარებდა სააკაშვილი 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, ის არც ერთ განცხადებაში არ ამბობს იმას, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ეს არის ცალსახა. არის მუდმივად სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით და ამ სპეკულაციების დღის წესრიგში დატოვება არის რუსულ ინტერესებში და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში. აქ ემთხვევა მათი ინტერესები და ეს არის დღესავით ნათელი. ამაზე მუშაობს შკლიაროვი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.