ეს ჩანაწერი ფარულიც რომ არ იყოს, ისინი რევოლუციურ სცენარზე ღიად აცხადებენ, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სავარაუდოდ, გიორგი ვაშაძისა და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერს, რომლის ავთენტურობაც ჯერ დადგენილი არ არის.
„ეს ჩანაწერი ფარულიც რომ არ იყოს, ღიად აცხადებენ და მე მგონი მათი პიარტექნოლოგები რუსეთიდან ამის შესახებ ღიად საუბრობენ. ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ისედაც ნათელია, ფარულ ჩანაწერებზე რომ არ ვისაუბროთ. მე მინდა განვაცხადო, რომ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და ვხედავთ, რომ დესტრუქციულ ძალას აქვს მცდელობა, შეიტანოს დისონანსი საზოგადოების ცხოვრებაში. ეს არავის არ გამოუვა. 28 ნოემბერს ქართველი ერი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ერი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ყველა იქნება კონსტიტუციის ჩარჩოებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.