ევროპის სოციალისტური პარტია (PES) საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის პროცესში სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტნიორ პარტია „ქართულ ოცნებას“. ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპის სოციალისტური პარტია საქართველოში მიღწეულ პროცესს უჭერს მხარს.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროგრესულმა მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, დაადასტურა ქვეყნის მტკიცე ერთგულება დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებებისადმი. ევროპის სოციალისტური პარტია აღიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. სალომე ზურაბიშვილის არჩევა უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს როლს, როგორც მისაბაძ მაგალითს რეგიონში და გააძლიერებს მის ადგილს ევროპის ერთა ოჯახში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ისეთივე მაღალდემოკრატიული სტანდარტები იქნება, როგორიც ეს იყო პირველი ტურის დროს.
„საქართველო ერთგული პარტნიორია, დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და მმართველობის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევებით. ახლა, როდესაც ამომრჩევლები ემზადებიან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, ვიმედოვნებ, რომ ისეთივე მაღალდემოკრატიულ სტანდარტებს ვნახავთ, როგორიც ეს იყო პირველი ტურის დროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, რადგან ის იბრძოლებს უფრო სამართლიანი საქართველოსთვის ხვალინდელ არჩევნებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.