ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდეთა ნაკრების კაპიტნის, ზურა დათუნაშვილის განცხადებით, ეროვნულ გუნდში, მთავარი მწვრთნელი, ბექა როყვა არაფერს წყვეტს და მისი პოსტზე ყოფნა ფორმალობაა.
დათუნაშვილის თქმით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ყველაფერს, პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე წყვეტს.
ზურა დათუნაშვილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი.
“პირველად, ლადო გეგეშიძე პარიზში ვნახე. სწორედ იმიტომ, რომ ვიცოდი, ის იყო ნაკრებში მთავარი, კომენტარზე მივედი, ნაკრების მზაობა მაინტერესებდა შეჯიბრის დაწყებამდე. ძალიან ზრდილობიანად მითხრა, თავისი ძმისგან განსხვავებით, რომ ბექა როყვა იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ის მხოლოდ თიმ ლიდერი იყო.
მეორედ ბუდაპეშტში ვნახე – გამარჯობი-თ. სასტუმროს ფოიეში “ვოლნიკებს” ვაცილებდით საქართველოში. კლასიკები რამდენიმე წუთის ჩამოსულები იყვნენ.
წინა დღეს მარსაგიშვილმა ძალიან ცუდად იჭიდავა და გადაწყვეტილი ჰქონდა, აღარ გაეგრძელებინა, გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა. დავინახე, ფოიეში, კუთხეში გაიყვანა და 15 წუთში გამოვიდა და თქვა, რომ მარსაგიშვილი აგრძელებდა ჭიდაობას.
ამ ორი წლის განმავლობაში, გეგეშიძე იყო ერთადერთი მწვრთნელი ორივე ნაკრებში, რომელიც ბიჭებს მოტივაციას უმაღლებდა და არა პირიქით, რაც ასევე ბევრი ვნახე და კარნახობდა, როგორ ეჭიდავათ და არა – შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე, ახლა და ჯერ არ იჭიდაოთი.
მესამედ საქართველოს ჩემპიონატზე ვნახე – გამარჯობა-გაგიმარჯოს ფარგლებში ისევ.
ხო, პარიზის მსოფლიო ჩემპიონატზე, ზურა ახალი ნაოპერაციები იყო, ფორმაში არ იყო და საკითხავი იყო, იჭიდავებდა თუ არა საერთოდ მომავალში. თუმცა, ნაკრების მწვრთნელებს ერთი წუთი არ დაუყენებიათ ეს საკითხი, რომ ის მსოფლიოზე არ წასულიყო და არც შედეგი უთხოვიათ მისთვის.
ყველამ ვიცით, ზურამ ყველაზე კარგად, რომ ის არ იმსახურებდა ამ მსოფლიოს, იმიტომ კი არა, რომ რამე სხვა მიზეზი იყო, ძალიან მძიმე ჭრილობა მოიშუშა. ფორმაში არ იყო. ოღონდ ჭიდაობისთვის თავი არ დაენებებინა, ის წაიყვანეს მსოფლიოზე.
ზურამ ეს ხომ ყველაზე კარგად იცის, ჩვენ ხომ იქ ვიყავით და ვიცით?
მაშინაც გეგეშიძემ გადაწყვიტა ეს ყველაფერი და არა როყვამ – ანუ?
მხოლოდ მაშინ არ უნდა ვილაპარაკოთ, როცა ეს გადაწყვეტილებები ჩვენ არ გვაწყობს!”