საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საკასაციო საჩივარი, გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია, დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტს გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, რაც 2016 წლის 29 იანვრის გამამართლებელი განაჩენით, უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა პროკურატურის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა როგორც ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, ასევე საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და მათი საკმარისობა, რომელთა შეჯერებით, უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის უფლებამოსილებას, პატიმრობიდან გათავისუფლებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, კანონის გვერდის ავლით, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირების ოჯახის წევრებს, დიდი ოდენობით თანხა უკანონოდ ჩაარიცხინა კერძო ფირმის ანგარიშზე.
კერძოდ, 2009 წლის დეკემბერში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას როლანდ ახალაიამ მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიას მეუღლეს მარინე ესებუას, მეუღლის თავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობით, უკანონოდ მოსთხოვა არარსებული „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე 150 000 ლარის ჩარიცხვა და გადასცა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, მაშინ როდესაც ეს ანგარიში რეალურად წარმოადგენდა კერძო კომპანია „სანის“ საბანკო ანგარიშს. მარინე ესებუა დათანხმდა შეთავაზებულ პირობას და მეუღლის გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი მეგობრის მეშვეობით 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს ,,სანის“ საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ფირმის მიერ, საკუთარი კომერციული მიზნებისთვის.
სასამართლომ ასვე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ იგივე ხერხით, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო ჯარიმის გადახდევინებისათვის, ბრალდებულის ოჯახის წევრებს უკანონოდ შეატანინა 60 000 ლარი შპს „სანის“ ანგარიშზე, რომელიც ასევე სრულად იქნა გახარჯული შპს „სანის“ მიერ კომერციული მიზნებისთვის.
აღნიშნული ქმედებებით როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო
2016/07/26 14:43:29
კომენტარები
ნანახია: 2159 ჯერ