საპატრიარქოსთან მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების რიგებს სხვა და სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, ისინი დეკანოზს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
საპროტესტო აქციას შეუერთდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკოლოზ მაჭუტაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ჟურნალისტი ელისო კილაძე, შვილმოკლული მამები ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი.
“წარმოუდგენელია გულგრილად უყურო იმას, თუ როგორ იჭყლიტება და ნადგურდება ადამიანი სასტიკი სისტემის მიერ. ეს არის მორიგი შემთხვევა სისტემის პრობლემის“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
“ტექნიკურად რა და როგორ უნდა მოხდეს შეწყალება არ ვიცი, თუმცა ეს ადამიანი რომ უდანაშაულოა და უსამართლოდ ზის ციხეში ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ შეთანხმებაა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის და სწორედ საპატრიარქომ ჩაასმევინა ხელისუფლებას ციხეში მამალაძე”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.