გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“2016 წლის 26 ივლისს საოკუპაციო ხაზზე, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიწოდებული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის და ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე ერგნეთში”, – ნათქვამია განცხადებაში.
სუს-ი განცხადებას ავრცელებს
2016/07/26 21:21:44
კომენტარები
ნანახია: 2613 ჯერ