ქუთაისსა და ზუგდიდში ოლიმპიური აუზის მშენებლობა იგეგმება. ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში – 25 მეტრიანი საცურაო აუზის. მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში. სტადიონების რეაბილიტაცია – სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში, ახალი სტადიონების მშენებლობა კი, ყვარელსა და მარნეულში, – ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„გასულ წელს დავიწყეთ და წელსაც გაგრძელდება კომპლექსური მშენებლობები სპორტული დარბაზების, საცურაო აუზებისა და სხვა ტიპის სპორტული ინფრასტრუქუტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, 2018 წელს დასრულდა ახმეტისა და სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტებში სპორტული კომპლექსისა და თანამედროვე სტადიონის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები.
„მოეწყო თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა, რითაც ადგილობრივი ახალგაზრდები შეძლებენ სარგებლობას. ამასთან, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს 7 მლნ. ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა მუნიციპალიტეტებში მცირე ზომის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის. 2019 წელს იგივე მიზნებისთვის რეგიონული ფონდიდან 5.5 მლნ ლარია გამოყოფილი“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
