საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ოთარ სიჭინავს განცხადებით, მისთვის და მისი კოლეგების ნაწილისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მოსამართლეების მიმართ ზეწოლას ეხებოდა, მოულოდნელი აღმოჩნდა.
როგორც სიჭინავამ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “პოლიტიკაში“ განაცხადა, მანამდე გამართულ პლენუმზე გიორგი პაპუაშვილმა დასვა შესაბამისი კითხვა, თუმცა არცერთ მოსამართლეს არ უთქვამს, რომ ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი.
“ჩვენ პლენუმზე შევიკრიბეთ, ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ჩვენ გვეთქვა, ვისზე იყო კონკრეტულად ეს ზეწოლა. პლენუმზე არავის ეს ფაქტი არ დაუდასტურებია, რის შემდეგადაც ჩვენ საქმეები გავაგრძელეთ, სხვა საქმეების განსახილველად გავედით და ასე შემდეგ. უშუალოდ ბრიფინგის შესახებ გავიგეთ შესვენებაზე გამოსვლისთანავე, ჩემთვის და ჩემი კოლეგების ნაწილისთვის ეს განცხადება მოულოდნელი იყო. ვინც გამოვკითხე, მათთვის უცნობი იყო, ვისზე იყო საუბარი. მთლიანობაში, ამ ზეწოლებზე ბევრი საუბრობს, მათ შორის მასმედიაც, თუმცა ჯერ ამის კონკრეტული ფაქტი არ ყოფილა წარმოდგენილი“, – განაცხადა ოთარ სიჭინავამ.