როგორც ჩანს, ოპოზიციის მიზანი იყო გარკვეული ცირკის მოწყობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მიზანს ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაზე საწყენი ფაქტი, რამაც შემაშინა, საპარლამენტო დემოკრატიისა და მისი შინაარსობრივი ნაწილის, საპარლამენტო ზედამხედველობის დისკრედიტაცია ხდება. როცა აბსოლუტურად დაგეგმილად, ერთად, ადამიანები თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ ისეთ თემებს, როგორიც არის პანკისის ხეობა, დავით გარეჯი, საქართველოს ცალკეული მოქალაქის პირადი ტრაგედია, რათა ეს დააკონვერტირონ პოლიტიკურ ბენეფიტებში, ეს სამარცხვინოა. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა, თითოეულ პოლიციელს, მეხანძრე-მაშველს, მესაზღვრეს, ვინც დგას საოკუპაციო ხაზთან და იცავს საქართველოს ინტერესებს, მოვუწოდო, რომ ის სულისკევთება, რომელიც მათ აქვთ წლების განმავლობაში, რომ უმწიკლოდ ემსახურებიან ქვეყანას, ეს უნდა გავაძლიეროთ, რადგან როგორც ჩანს, ეს ქვეყანა მოსავლელი და ჩვენი მისახედია“, – განაცხადა გახარიამ.
