ცნობილია, რომ საუბარია 8-პუნქტიან მოთხოვნებზე და ეს არ არის საკითხები, რაზეც მხოლოდ კის ან არას თქმა შეიძლება, ეს არის სამუშაო პროცესი, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ანაკლიის პორტის მშენებლობის თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
„გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა და აზრების წერილობითი გაცვლა-გამოცვლაც, ეს არის პოზიციები და პრინციპები, რაზეც საჭიროა მსჯელობა და სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შეიძლება თითოეული პუნქტი შეიცვალოს და კონკრეტული ფორმა შეიძინოს, რისი მზაობაც ჩვენ გვაქვს. არაერთხელ აღვნიშნე, რომ მზად ვართ კომპრომისისთვის, ყველაზე რთული საკითხი კი არის ინვესტორის კომერციული რისკებისა და სესხის სრულად დაზღვევა სახელმწიფოს მიერ. მსგავსი პრეცედენტებიც ნაკლებად გვაქვს და ამ თემებზე უნდა ვიმსჯელოთ როგორც კონსორციუმთან, ისე ბანკებთან,“ – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
რაც შეეხება „ვაით ქეისთან“ (WHITE CASE) გაფორმებულ ხელშეკრულებას, მაია ცქიტიშვილის თქმით, კონტრაქტის მთავარი მიზანი მთავრობის მხარადაჭერაა საინვესტიციო ხელშეკრულების ახალი რედაქციის შემუშავების პროცესში და კომპანია აუცილებლად ჩაერთვება სამმხრივ მოლაპარაკებებში.