წალკაში, სოფელ ნარდევანში ორ ნათესავ გვარს შორის დაპირისპირებამ 23 წლის ანდრონიკ მელტონიანის სიცოცხლე შეიწირა, მძიმედ დაჭრილი მეორე ახალგაზრდა კი საავადმყოფოში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორ სხვადასხვა პირის მიმართ სხვადასხვა, – განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს. ადგილობრივთა თქმით, ამ ორ გვარს შორის კონფლიქტი დიდი ხანია დაიწყო და მისი საფუძველი ქონებრივი დავაა. მათივე თქმით, კონფლიქტში მონაწილე ორივე ოჯახმა დიდი ქონებისა და გარკვეული პოლიტიკური გავლენების მოპოვება მოახერხა. ამჟამად კითამარიანის ოჯახი მელტონიანებს მიწაზე ედავებოდა, რაც თამარიანის გვარის წარმომადგენელთა თქმით, აიკ მელტონიანმა, რომელიც ყოფილი პარლამენტარია, უკანონოდ მიითვისა. სამსონ თამარიანი, რომელიც წალკის საკრებულოს წევრია, კარგა ხანია ედავება მელტონიანებს ამ მიწაზე. ადგილობრივები კონფლიქტზე საუბრისას ვინაობის გამხელას ერიდებიან, თუმცა კონფლიქტის დეტალებზე ლაპარაკობენ.
– მკვლელობა შემთხვევით არ მომხდარა, ეს ორი გვარი ისე იყო ერთმანეთზე გადაკიდებული, რომ გვეშინოდა, ყველაფერი სიკვდილით არ დასრულებულიყო. აიკ მელტონიანმა და სამსონ თამრიანებმა დიდი ხნის წინ დაიწყეს მიწაზე და სხვა ქონებაზე დავა. ბოლოს ამ ჩხუბში უკვე მათი შვილები და ძმისშვილებიც ჩაერთნენ.როგორც ამბობენ, მკვლელობის წინა დღეს, აიკ მელტონიანის ძმისშვილი სამსონ თამარიანის მაღაზიაში მივიდა და სამსონის ცოლის თვალწინ უღირსად მოიქცა. მეორე დღეს კი ეს ორივე გვარი საერთო ნათესავის დაკრძალვაზე ერთად იყო. პირადად არ მინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ როდესაც გარდაცვლილი დაკრძალეს,სამსონ თამარიანი საკუთარ მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა, მელიტონიანის არასრულწლოვან ბიჭს “გაკრა” და როცა ბიჭი წაიქცა, მანქანაც არ გააჩერა, გაიარა და წავიდა. რა ვიცი, შესაძლოა შემთხვევითაც მოუხდა… ამის შემდეგ მელტონიანი და მისი ძმისშვილი მივიდნენ, რათა აიკის ბიჭი მანქანაში ჩაესვათ და სახლში წაეყვანათ;იქვე იდგა სამსონ თამარიანის ბიჭი ანდრანიკი, რომელმაც რევოლვერი ამოიღო და აიკ მელტონიანის ძმისშვილს, ანდრონიკ მელტონიანს მუცელში ესროლა. ძმისშვილი რომ მიწაზე წაქცეული და სისხლიანი დაინახა, ბიძამ – აიკ მელტონიანმა ამოიღო იარაღი და სროლა დაიწყო. ტყვია სამსონ თამარიანის ძმას სამველს მოხვდა; მაგრამ მას გაუმართლა, მძიმე ჭრილობა არ აქვს. აიკ მელტონიანის ძმისშვილი კი მძიმედ დაჭრილი წაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
– დაკრძალვაზე ამ ადამიანებს ცეცხლსასროლი იარაღი რად უნდოდათ?
– ალბათ მოელოდნენ ერთმანეთისაგან საშიშროებას და იმიტომაც. ამბობენ, რომ ორივე მხრიდან ძალიან ძვირფასი იარაღით ისროდნენ. ისე, იარაღი, ჩვენთან, სომხურ სოფლებში თითქმის ყველას აქვს. აქ იარაღი იმდენია, რომ შეიძლება, თავდაცვის სამინისტროსაც არ ჰქონდეს მაგდენი. ეს ჩვენთან ჩვეულებრივი საქმეა; როცა ჩხუბი ხდება ცეცხლსასროლ იარაღს ხშირად იყენებენ, მკვლელობებიც ხშირია. ახლა ჩვენს სოფელში, კიდევ რომ არაფერი მოხდეს ამ ორ გვარს შორის, პოლიციის მანქანები დგას.
– გავრცელებული ინფორმაციით, სამსონ თამარიანის შვილი განზრახ მკვლელობისთვისაა დაკავებული, აიკ მელტონიანი კი უფრო მსუბუქი მუხლით…
– ასეა.
მაგრამ საეჭვოა, ეს ამბავი ამ ორის დაპატიმრებით ამოიწუროს. ეს ორი გვარი არ გაჩერდება. მელტონიანის ძმა, დავითი ამბობს, რომ მელტონიანები თავს დაიხოცავენ, თუ სამსონ თამარიანს არ დაიჭერენ და ციხეში არ ჩასვამენ! ეს კი გვეეჭვება, რადგან თავად სამსონ თამარიანს, ჩვენ როგორც ვიცით, არ უსვრია, მხოლოდ მელტონიანის შვილს “გაკრა” მანქანით, ამისთვის კი ციხეში არ ჩასვავენ.
ინტერვიუ ჩაწერილი გვქონდა, როდესაც დავით მელტონიანის საუბრის ჩანაწერიც გავრცელდა, სადაც იგი სიტყვა-სიტყვით ამბობს:
“მომიკლეს ძმისშვილი, ჩემი ძმა ციხეშია, ჩვენ თავებს გავწირავთ, დავიხოცებით, კანონი თუ არ აღსრულდება, ჩვენ აღვასრულებთ მას. სამსონ თამარიანი თავისუფალი არ უნდა იყოს. ის აიკის ბავშვს დაეჯახა მანქანით და არასრულწლოვანი მიატოვა. როდესაც ჩემი ძმა და მეორე ძმისშვილი ბავშვის მოსაყვანად წავიდნენ, თამარიანის შვილმა ჩემს ძმისშვილს ესროლა. ის აპირებდა ჩემი ძმის მისამართითაც გაესროლა, რა დროსაც ჩემმა ძმამაც ისროლა. ამ ყველაფერში უფროსი თამარიანია დამნაშავე. ის თანამდებობით და გავლენებით სარგებლობს, ამ სოფელში ყველაფერს დაპატრონებულია”.
ბრალდებულის ოჯახის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ კი, პრესასთან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორმხრივი სროლა სამსონ თამარიანის მელტონიანების არასრულწლოვან ბავშვთან შეჯახებას მოჰყვა:
“არანაირი შეჯახება სამსონ თამარიანის მხრიდან, არასრულწლოვნის მიმართ, არ ყოფილა. ეს დასტურდება წარმოდგენილი ჩვენებით, სადაც ამბობს არასრულწლოვანი, რომ არანაირი კონფლიქტი მე არ მქონია თამარიანების ოჯახთან იმ დღეს, როცა ეს ფაქტი მოხდაო. უფრო მეტიც, ის ჩვენებაში ამბობს, რომ არ მახსოვს, სად მივიღე ეს დაზიანებაო. ეს არის წლების წინ მომხდარი დაპირისპირება ამ ოჯახებს შორის”.
www.kvirispalitra.ge